მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენი სააკაშვილზე: შევისწავლით სამედიცინო სტატუსს და მკურნალობის ადეკვატურობას

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა.

ლომჯარია საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება სახალხო დამცველის რწმუნებულსა და ექსპერტთა ჯგუფის წევრს. ასევე, ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გაცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა. 

"პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფასება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება პენიტენციურ სისტემაში პაციენტის დაბრუნების შესახებ. სამწუხაროდ, ეტაპირება განხორციელდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს". - წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება, მათ  მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც თქვეს, რომ გადაყვანის პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ომბუდსმენის შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ მის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა.

"სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამავდროულად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს. 

ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა". - წერია განცხადებაში.  

29 დეკემბერს, ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ -  სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ანციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები