მიხეილ სააკაშვილი

გვარამია სააკაშვილის გადაყვანაზე: გაბრუებული იყო, ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული

Georgian Journal

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს, გაბრუებულია და "არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური". გვარამია ასევე ამბობს, რომ ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მათთან შესახვედრად ბადრაგებმა ჩამოიყვანეს. 

"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, როგორც თვითონ მითხრა. მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში. წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა, ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა წნევა. 

როგორც წინა ჯერზე, უბრალოდ მითხრა, რომ მივხვდი, აღელვების მდგომარეობაში შეიძლება, უარესი დამმართნოდაო. არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რუსთავში მიგვყავხარ, მაგრამ ცუდად თუ გახდები, გლდანში გადაგიყვანთო. ეს არის პირდაპირი მუქარა, წამებით დამუქრება". - ამბობს ნიკა გვარამია. 

29 დეკემბერს, ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ -  სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ანციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები