ევროპული საქართველო

ბოკერია მელიაზე: ჩვენი ვალია, საზოგადოებას ვუთხრათ, რა მიგვაჩნია არასწორად

"ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური ლიდერისგან ისეთი განცხადება, რაც მელიასგან მოვისმინეთ, მხოლოდ დაცინვას იმსახურებს" – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნათქვამს, რომელმაც ბოკერიას "უსინდისო" უწოდა. 

გიგა ბოკერიას თქმით, გამომდინარე იქიდან, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, საჭიროდ თვლის, რომ ნიკა მელიას სერიოზული პასუხი გასცეს. 

"როდესაც ხარ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არამხოლოდ შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და პირველ რიგში ოპოზიციურ ამომრჩეველზე. როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, როცა გუშინ ნათქვამს დღეს გადათქვამ, ხალხს დაპირდები, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს გადააგდებ, ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ვინც საღად ხედავს ვითარებას, ევროპული საქართველოსგან და ჩემგანაც. ეს ჩვენი ვალია, საზოგადოებას ვუთხრათ, რა მიგვაჩნია არასწორად. სანამ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მის ლიდერებს მოუწევთ ამასთან შეგუება". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

28 დეკემბერს TV პირველის ეთერში წამყვანმა ნიკა მელიას "მასობრივი შიმშილობის" შესახებ გიგა ბოკერიას ციტატა წაუკითხა, რის შემდეგაც ენმ-ს თავმჯდომარემ თქვა – "თუ თქვა, უსინდისოა ეს ადამიანიც და სადმე როცა მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს პირადადაც". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყების შემდეგ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ "ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა".

"ყოფილა ვითარება, როდესაც რეპრესირებული ადამიანები ისეთი ტიპის ფუნდამენტურ ამბავს ითხოვდნენ, რომ ამან შეიძლება ეფექტი გამოიღოს საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით, მაგრამ დამიჭირეს და გამათავისუფლე, თორემ ვიშიმშილებ – ეს არასერიოზულიც კია. ახლაც მე ეს მგონია, ლიდერების მხრიდან, არ ვგულისხმობ გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება სჯერათ მართლა, რომ ეს მოდელი მოიტანს შედეგს, მაგრამ ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა". – თქვა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში.

21 დეკემბერს ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კომენტარები