სახელმწიფო ინსპექტირის სამსახური

ბიუროზე ინსპექტორზე ალტერნატიული პროექტი ვერ დარეგისტრირდა – ოცნების წევრები არ მივიდნენ

ბიუროს სხდომა

პარლამენტში ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების დეპუტატები სხდომაზე არ მივიდნენ, სადაც სახელმწიფო ინსპექტორზე ლელოს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დარეგისტრიებულიყო. 

უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, მათ ეს "შეგნებულად გააკეთეს" და ეს პოლიტიკური სვლა იყო ოპონენტების საპასუხოდ. 

"ჩვენ ვერ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ, პირიქით, ასეთ მცდელობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რამდენიმე ადამიანი გამოვცხადდით ინსტიტუტის, ბატონი გიას პატივისცემის ნიშნად, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით".- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს განსხვავებული აზრის ეშინია და შესაბამისად, გამიზნულად არ მოვიდნენ ბიუროს სხდომაზე. 

"მმართველ გუნდს იმისიც კი ეშინია, რომ მათ აბსოლუტურად უაზრო კანონპროექტის პარალელურად განსახილველად არ დადგეს აზრიანი, გონივრული და სამართლიანი პროექტი, ამისაც კი ეშინიათ. ამიტომ დღეს გადაწყვიტეს, რომ ბიუროზე არ მოესვლებოდათ და ვერ მოვიდნენ. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მათ ეშინიათ, ყველგან ეშინიათ განსხვავებული აზრის და ყველგან ეშინიათ სიმართლის ხმის გაგონების".- თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

ამ წუთებში, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. 


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. 

კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს.

კომენტარები