სახელმწიფო ინსპექტირის სამსახური

კომისიებმა ინსპექტორის გაყოფით შექმნილი 2 სამსახურის უფროსობის კანდიდატები შეარჩიეს

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე  3-3 კანდიდატი შეარჩიეს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქართული ოცნების ინიციატივით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა. სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული

საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე შეარჩიეს. 

კანდიდატები პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა წარუდგინონ. პრემიერმინისტრმა კი პარლამენტს თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს. 

პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატები საკონკურსო კომისიამ კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. 

"კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. 

ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა. საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს". - წერია განცხადებაში.

საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე,  გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.  


13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.  საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფებოდა საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამშეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები