პოლონეთი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მედიის ანტიამერიკულ კანონს ვეტო დაადო

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ მედიის შესახებ ახალ კანონს ვეტო დაადო. კანონი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებსა და კომპანიებს პოლონურ სამაუწყებლო მედიებში საკონტროლო პაკეტის ფლობას უკრძალავდა.

კრიტიკოსების შეფასებით, კანონი პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეარხის TVN24-ის წინააღდეგ იყო გამიზნული. TVN24 პოლონეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციით ხასიათდება. არხის აქციების საკონტროლო პაკეტს ამერიკული კომპანია Discovery Inc ფლობს. კანონის გატარების შემთხვევაში, კომპანიას აქციების გაყიდვა მოუწევდა.

პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, ის აფასებს ხელსუფლების მცდელობას, დაიცვას პოლონეთი პოტენციურად მტრული აქტორებისგან, მაგალითად რუსეთისგან, მაგრამ აღნიშნა, რომ კანონპროექტში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლებოდა კანონი შეხებოდა უკვე არსებულ ბიზნეს შეთანხმებებს და საინვესტიციო ხელშეკრულებებს.

"კანონპროექტი და მისი შესწორებები ეხება სუბიექტებს, რომლებიც უკვე არიან ბაზარზე. არსებობს ასევე მედია პლურალიზმის, სიტყვის თავისუფლების პრობლემა. გადაწყვეტილების მიღებისას, ეს მნიშვნელოვანი ელემენტი გავითვალისწინე" - თქვა დუდამ.

კანონის მხარდამჭერი დეპუტატების თანახმად, მიზანი მედიაში მტრული სახელმწიფოების გავლენის შემცირება იყო. პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლის პარტიის მიხედვით, უცხოურ კორპორაციებს პოლონურ მედიაზე ზედმეტად დიდი გავლენა აქვთ და კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს.

თუმცა პარლამენტში კანონის დამტკიცებას პოლონეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიის სამოქალაქო პლატფორმის ლიდერის, დონალდ ტუსკის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მთავრობაზე "წნეხს აზრი აქვს".

პოლონეთში აშშ-ს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბიქს ალიუმ პრეზიდენტ დუდას "საერთო დემოკრატიული ღირებულებებისთვის და პოლონეთში საინვესტიციო კლიმატის დაცვისთვის" მადლობა გადაუხადა.

კანონის მიღებამდე, აშშ-ს სახელმწიფო სპიკერმა ნედ პრაისმა პოლონეთის მთავრობას მოუწოდა კანონპროექტის გატარებამდე კარგად დაფიქრებულიყვნენ, რადგან კანონს შეეძლო "დაეზიანებინა უცხოელი ინვესტორების რწმენა, რომ პოლონეთში მათი საკუთრების უფლებები და გაფორმებული კონტრაქტების პირობები დაცული იქნებოდა". გარდა ამისა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ვერა იორუოვამ თქვა, რომ ევროკავშირი იმოქმედებდა ნებისმიერი კანონის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან არ იქნებოდა შესაბამისობაში.

კომენტარები