პოლონეთი

ტუსკი: არ გამოვრიცხავ, რომ რუსულ სურსათსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ემბარგო დავადოთ

 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთიდან სურსათსა და სასოფლო-სამეურნო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას არ გამორიცხავს. ტუსკმა ამის შესახებ ლატვიის პრემიერთან, ევიკა სილინასთან ვიზიტის შემდეგ ისაუბრა

"ლატვიამ გადაწყვიტა, რუსეთიდან (რედ. - სასოფლო-სამეურნეო) პროდუქტების იმპორტზე ემბარგო დააწესოს. ჩვენ ლატვიის მაგალითს გავაანალიზებთ და მე არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი შესაფერის ინიციატივას მიიღებს". - თქვა ტუსკმა. 

ტუსკმა განცხადება პოლონეთში ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად უკმაყოფილო ფერმერების პროტესტების ფონზე გააკეთა. მანვე დაამატა, რომ უკრაინის გარდა, ბაზარზე რუსეთიდან და ბელარუსიდან შესული სასოფლო-სამეურნო პროდუქტებიც მოქმედებდნენ. 

პოლონეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირი "სერიოზულად უნდა ორიენტირდეს უკეთეს რეგულაციებზე, როცა საქმე აღმოსავლეთიდან მარცვლეულისა და სურსათის იმპორტს ეხება". 

რას აპროტესტებენ ევროპელი ფერმერები მთელ კონტინენტზე

ევროკავშირის ქვეყნებში, თითქმის მთელ კონტინენტზე ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ.

გამოსვლების ზოგიერთი მიზეზი, მაგალითად გერმანიის გეგმა სასოფლო-სამეურნეო დიზელზე საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ, ან ნიდერლანდებში აზოტის გამონაბოლქვის შემცირების მოთხოვნა, კონკრეტულია თითოეული ქვეყნისთვის. მაგრამ არაერთი პრობლემა ყველა ევროპელი ფერმერისთვის საერთოა. კონტინენტის მასშტაბით ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის მწვანე შეთანხმების (რომელიც თეორიულად მიზნად ისახავს კლიმატის დაცვისთვის საჭირო ზომების შემოღებას) ფარგლებში ფერმერებზე დაწოლილ ტვირთს, იაფ იმპორტულ პროდუქტთან კონკურენციის სირთულეს, დიდ მოთამაშეებზე მორგებული სუბსიდირების სისტემას და ა.შ. 

მეორე მხრივ, მაგალითად, პოლონეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში ფერმერებს ძირითადად ევროკავშირის რეგულაციები და იაფ იმპორტთან კონკურენცია ადარდებთ, გერმანიაში პრობლემა ტექნიკაზე დაწესებული გადასახადებია, რუმინეთსა და საბერძნეთში ძირითადი პროტესტი მიმართულია EU-ს საერთო აგრარული პოლიტიკის გადასახადებისკენ.

ფერმერები მთელს ბლოკში იზიარებენ და ხაზს უსვამენ პრობლემას, რომ გაიზარდა ფასები ენერგოპროდუქტებზე, სასუქებსა და ტრანსპორტზე, რაც მათი წარმოების ხარჯებს ზრდის. ამასთან, მთავრობები ინფლაციის ფონზე ცდილობენ შეაჩერონ სურსათზე ფასების ზრდა, რაც ასევე ახალისებს იაფ იმპორტს. 

კომენტარები