პოლონეთი

პოლონეთის პარლამენტმა მედიის ანტიამერიკული კანონი დაამტკიცა, დემონსტრანტები ვეტოს ითხოვენ

კვირას, 19 დეკემბერს ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა პოლონეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მედიის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, პოლონურ სამაუწყებლო მედიებში საკონტროლო პაკეტის ქონა. შედეგად, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კერძო კომპანიას - Discovery Inc -ს აქციების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწევს.

მას შემდეგ, რაც პარასკევს პოლონეთის პარლამენტმა მოულოდნელად დაამტკიცა ცვლილებები მედია კანონში, პროტესტი ასამდე ქალაქში დაიწყო. დემონსტრანტების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები აზიანებს ვაშინგტონისა და ვარშავის ურთიერთობას. 

ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი დემონსტრანტები პრეზიდენტს ანდჟეი დუდას თავისუფალი მედიის დასაცავად კანონის ვეტოსკენ მოუწოდებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ანდჟეი დუდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტიც მმართველი გუნდის წარმომადგენელია.

პოლონეთის განათლების მინისტრის თქმით, კანონი პოლონეთისა და ამერიკის ურთიერთობას არ დააზიანებს, განსაკუთრებით ახლა, როცა დაძაბულობა აღმოსავლეთ საზღვრებთან კიდევ უფრო მწვავეა. აშშ-ის შეფასებით კი კანონი  დააეჭვებს უცხოელ ინვესტორებს,თუ რამდენად დაცულია მათი კერძო საკუთრება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პოლონეთში, შესაბამისად, პრეზიდენტს ვეტოსკენ მოუწოდებენ.

კომენტარები