რამზან კადიროვი

კადიროვი: უკრაინა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ხნის წინ უნდა შემოგვეერთებინა

რამზან კადიროვი
Oleg Nikishin/Pressphotos/Getty Images

​ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის თქმით, "უკრაინის პრობლემური საკითხის" გადაწყვეტა მისთვის რომ დაევალებინათ, ის პრობლემას დიდი ხნის წინ გადაჭრიდა და უკრაინას შემოიერთებდა.

"უკრაინული პრობლემური საკითხი ეს პრეზიდენტის დონეც კი არ არის, ჩემი დონეა. ჩემთვის რომ დაევალებინათ, დიდი ხნის წინ გადავჭრიდი. ან ჩეჩნეთის რესპუბლიკას მივუერთებდი ან დიდი ხნის წინ უკრაინაშივე გადავჭრიდი. თუმცა მაინც არსებობს სახელმწიფო სახელმწიფოებრივი ნორმატიულ-სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც არ გაძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ჩემი აზრით, თუ ბატონი ზელენსკი და მისი გუნდი ასე გააგრძელებენ მოქცევას, უკრაინა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ხნის წინ უნდა შემოგვეერთებინა." – თქვა კადიროვმა.

კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთს საშუალებას არ მისცემს სამხედრო ბაზები განათავსოს უკრაინაში.

"თუ კიევი იარსებებს, დასავლეთ ექნება ადგილი თავისი სამხედრო ბაზების ჩასადგმელად და ჩვენი სახელმწიფოსთვის მითითებების მისაცემად. დარწმუნებული ვარ ჩვენი პრეზიდენტი ამას არ დაუშვებს. ჩვენ, ქვეითები კი მზად ვართ, გავიდეთ და აბსოლუტურად უპრობლემოდ შევასრულოთ ბრძანება." – თქვა კადიროვმა.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები