NATO-რუსეთი

NATO-ს გენერალურ მდივანი, იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს NATO-რუსეთის საბჭოს მოწვევას გეგმავს

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს 2022 წლის 12 იანვარს NATO-რუსეთის საბჭოს მოწვევა სურს. ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა მედიამ Andalou-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც გერმანული გამოცემა DPA წერს, NATO-ს წარმომადგენლის თანახმად, ალიანსი საკითხთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა რუსეთს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს თქმით, NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ვადები, ფორმატი და რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ჯერ განხილვის პროცესშია.

გრუშკოს თქმით, რადგან საქმე ეხება სამხედრო უსაფრთხოების საკითხებს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სხომაში მონაწილეობა მიიღონ მაღალჩინოსანმა სამხედროებმა.

12 იანვარს ბრიუსელში ასევე ჩატარდება ალიანსის წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრა.

NATO-რუსეთის საბჭო 2002 წელს შეიქმნა. უკრაინაში კონფლიქტის ფონზე საბჭოს მუშაობა დიდწილად შეჩერებული იყო, თუმცა მხარეებს შორის ამ ფორმატში გარკვეული კონტაქტი შენარჩუნებული იყო. 2016-2019 წლებში საბჭოს 10 სხდომა გაიმართა. თუმცა 2019 წლის შემდეგ სხდომები შეწყდა. 

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები