ჯანდაცვის სამინისტრო

მედიკამენტების ფალსიფიკაციის რისკების შემცირებისთვის წამლის ხარისხის ლაბორატორია იქმნება

ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის გადამდგარმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე თქვა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა. ლაბორატორიის ამოქმედება დაგეგმილია 2022 წლის ბოლომდე.

"გარდა ამისა, 2020 წელს გაიცა პირველი GMP და GDP სერტიფიკატები. 2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად სააგენტოს უკვე მომართა  15-მა დაწესებულებამ".- თქვა ტიკარაძემ. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათ შორის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. 

კომენტარები