ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე უკვე ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს გაწეული თანამშრომლობისთვის. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის რჩება მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრად და ჯანდაცვის სფეროსთვის მუშაობას ამ პლატფორმიდან გააგრძელებს. 

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა. 

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მან ამ პოსტზე დავით სერგეენკო ჩაანაცვლა და მისი მინისტრობის ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია იყო. 

კომენტარები