კანადა-ჩინეთი

ტრუდო: უკეთ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მტკიცედ დავდგეთ, რათა ჩინეთმა ვერ შეძლოს ჩვენი დაყოფა

ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრუდოს თქმით, დასავლური ქვეყნები ერთად უნდა მოქმედებდნენ, რათა ჩინეთმა მათი ერთმანეთისთვის დაპირისპირებისთვის კომერციული ინტერესები არ გამოიყენოს.

ტრუდოს თქმით, ჩინეთი დასავლურ ქვეყნებს უბიძგებდა ჩინეთში ეკონომიკური ინტერესების მიღწევისთვის ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ.

"ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით ჩინეთი კი დროდადრო ღია ბაზრის პირობებში ძალიან ჭკვიანურად მანიპულირებდა ჩვენით. უკეთ უნდა ვიმუშაოთ ერთად და მტკიცედ დავდგეთ, რათა ჩინეთმა ვერ შეძლოს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენი დაყოფა." - თქვა ტრუდომ.

კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები 2018 წლის შემდეგ გაუარესდა. 2018 წელს კანადაში დააკავეს კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორი და კომპანიის დამფუძნებლის, ჟენ ჭენგფეის შვილი მენგ ვანჭოუ. მალევე ჩინეთში კანადის ორი მოქალაქე დააკავეს, მაიკლ სპავორი და მაიკლ კოვრინგი. კანადა ჩინეთს "მძევლების დიპლომატიის" გამოყენებაში ადანაშაულებდა. კანადის სასამართლომ მენგ ვანჭოუ 2021 წლის სექტემბერში გაათავისუფლა. კანადის მოქალაქეები მენგ ვანჭოუს გათავისუფლების ცნობიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლა ჩინურმა მხარემ.

კანადა ასევე ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ცნობების გამო.

2021 წლის დეკემბერში კანადა შეუერთდა დასავლური ქვეყნების მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტს. ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოდი პირველმა აშშ-მ გამოუცხადა. ბოიკოტს ასევე შეუერთდნენ ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი. დასავლური ქვყენბის მთავრობები წარმომადგენლებს ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო არ გზავნიან.

კომენტარები