კანადა-ჩინეთი

ჩინეთში კანადელ ბიზნესმენს ჯაშუშობისთვის 11 წელით პატიმრობა მიუსაჯეს

მაიკლს სპავორი
Reuters

ჩინეთში სასამართლომ კანადელი ბიზნესმენი მაიკლ სპავორი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სპავორი 2018 წელს ყოფილ კანადელ დიპლომატთან, მაიკლ კოვრიგთან, ერთად დააკავეს.

"ჯაშუშობის და საზღვარგარეთ სახელმწიფო საიდუმლოებების უკანონო გავრცელებისთვის [სპავორს] 11-წლიანი პატიმრობა, 50 000 იუანის ($7 715) ღირებულების საკუთრების კონფისკაცია და დეპორტაცია მიუსაჯა". – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

განცხადებაში დაზუსტებული არ არის, როდის იქნება სპავორი დეპორტირებული, თუმცა ჩვეულებრივ ჩინეთიდან ბრალდებულების დეპორტაცია სასჯელის მოხდის შემდეგ ხდება.

ინციდენტს კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა და განაჩენს "სრულიად მიუღებელი და უსამართლო" უწოდა.

"სპავორის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს 2.5 წელზე მეტი, შერჩევით დაკავების, ლეგალურ პროცესებში გაუმჭვირვალობის და ისეთი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს მინიმუმსაც კი არ აკმაყოფილებდა". – თქვა ტრუდომ.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად კანადაში Huawei-ის აღმასრულებელი პირის, მენგ ვანჭოუს ექსტრადიციის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კრიტიკოსები, ჩინეთს სპავორის და კოვრიგის "პატიმრობით ვაჭრობაში" და "მძევლების დიპლომატიის" გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მაიკ სპავორი მენგ ვანჭოუს დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და შემდეგ ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს. მისი პირველი სასამართლო პროცესი განაჩენის გარეშე დასრულდა. სასამართლო პროცესზე კანადელ დიპლომატებს დასწრების უფლება არ მისცეს.

მაიკლ სპავორთან ერთად დაკავებული მაიკლ კოვიგისთვის სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

კომენტარები