კანადა-ჩინეთი

"კანადა ჩინეთით არ შეშინდება" – ტრუდო პეკინსა და ოტავას შორის დიპლომატიურ დაძაბულობაზე

"კანადა ჩინეთით არ შეშინდება". - ასე გამოეხმაურა კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ოტავასა და პეკინს შორის ბოლო დაძაბულობას. 

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ კანადის მიერ ჩინელი ოფიციალური პირის, ჭაო ვეის გაძევების საპასუხოდ, ჩინეთი შანხაიდან კანადელ დიპლომატს გააძევებს.

"გვესმის, ეს არის შურისძიება, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით და გავაგრძელებთ ყველაფერი იმის გაკეთებას, რაც კანადელების ცხოვრებაში უცხოელთა ჩარევისგან დაცვისთვისაა საჭირო". - აღნიშნა ტრუდომ. 

კანადური დაზვერვის ცნობით, ჭაო ვეი დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინებას ცდილობდა კანონმდებლის მიერ ჩინეთში უიღური მუსლიმების მოპყრობასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. ჭაო კანადამ 8 მაისს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბოლო გამწვავებას, შესაძლოა, კანადაზე ეკონომიკური შედეგი ჰქონდეს. გასულ წელს ჩინეთში კანადური საქონლის იმპორტი16%-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - 100 მილიარდ კანადურ დოლარს (74,8 მილიარდი აშშ დოლარი). ამასთანავე, ჩინეთი არის კანადის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

კომენტარები