დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ: თუ მოსკოვი უკრაინას თავს დაესხმება, რუსეთის საზღვრებთან NATO-ს მეტი ძალები განთავსდება

აშშ-ს ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გარდა, NATO უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდის და მათი ძალები რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს განლაგდებიან

"თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც შესაძლებელია მოხდეს, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მზად ვართ მძიმე საზღაურის დასაწესებლად, რაც დააზიანებს რუსეთის ეკონომიკას, ასევე ვიზამთ სწორედ იმას, რაზეც რუსეთი ამბობს, რომ არ სურს – NATO-ს მეტი შესაძლებლობები, და არა ნაკლები, უფრო ახლოს [განთავსდება] რუსეთთან და არა შორს", – თქვა აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა 23 დეკემბრის ბრიფინგზე. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებით ემუქრება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები