საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე ტრანსპორტზე: მეგობრებო, ტარიფი არ ძვირდება, ასე რომ ყოფილიყო, პირდაპირ ვიტყოდი

თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი არ ძვირდება. 

"ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიები ცდილობენ კონკრეტული მესიჯების დამკვიდრებას, საზოგადოების აზრში რომ დალექონ ეს ყველაფერი. როგორც კი განცხადება გავაკეთე ამ ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის სატრანსპორტო პოლიტიკაში, მაშინვე დაიწყეს მესიჯის დანერგვა, რომ ტარიფი ძვირდება. არ ძვირდება, მეგობრებო, ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს, არ მომერიდებოდა. შეიძლება, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე". - ამბობს ის იმედთან ინტერვიუში. 

კალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება, მათგან 53% კი სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით, ან უფასოდ მგზავრობს. მისივე თქმით, ეს შეღავათები მეტროსა და ავტობუსზე ვრცელდებოდა, ყვითელი მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება კი 80 თეთრი იყო. კალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებით მეტროს, საბაგიროს, ავტობუსისა და ყვითელი მიკროავტობუსების ინტეგრირება გააკეთეს და "ამ 53%-ს მოუწევს უფასო მგზავრობა მიკროავტობუსებითაც". 

"ამ 47%-ს რომ შევხედოთ, თბილისში საშუალო მობილობის კოეფიციენტი არის 3, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის 2.5, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, გარდა სახლი-სამსახურისა, თვეში 7-ჯერ მიდიან ან მეგობართან, ან ნათესავთან, ბაზარში, მაღაზიაში... შესაბამისად, უხეშად ვამბობ, 3-თვიანი ბარათი რომ ავიღოთ, ტარიფს თუ შევადარებთ, ნიშნავს, რომ 50-თეთრიანი ტარიფის პირობებში, დაახლოებით, 114 ლარი ეხარჯებოდათ ამ ადამიანებს. დღევანდელი ამ აბონემენტებით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, 3 თვეზე რომ ვნახოთ, 114 ლარის ნაცვლად გადაიხდის 100 ლარს. 6 თვის პირობებში კიდევ უფრო ნაკლებს, 1-წლიანი რომ აიღოს, კიდევ უფრო ნაკლებს". - ამბობს კალაძე. 

თბილისის მერი იმ მოქალაქეებზეც საუბრობს, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლამდე მისასვლელად იყენებდა. კალაძე ამ შემთხვევაში ამტკიცებს, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ცოტაა.

"მეორე არის, ვინც იყენებდა მეტროს ან ავტობუსს ან მარშუტკას, რომლის ღირებულება იყო 80 თეთრი, 1.30 უჯდებოდა. არის ასევე მე-3 კატეგორია ადამიანების, რომლებსაც1.80 უჯდებოდათ, იმიტომ, რომ ლილოდან კონკრეტულ ლოკაციამდე რომ წამოხვიდე, 1.30 არის ღირებულება ავტობუსის და ემატებოდა 50 თეთრი, ან მეტრო ან საზ. ტრანსპორტი. უხეშად რომ დავთვალოთ 1 წლის განმავლობაში, 1 ლარის პირობებში გამოდის 365 ლარი, ამას, შეიძლება, გამოვაკლოთ უქმე დღეები, რაღაცები და ჩამოვაკლოთ კიდევ 30 ლარი. ერთწლიანი პაკეტი ღირს 250 ლარი და თვეში გამოდის 20 ლარი". - ამბობს ის.  

იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპოზიციის წევრების თქმით, აბონემენტში 250 ლარის ერთჯერადად გადახდა პრობლემურია, კალაძე პასუხობს: 

"აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის - ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი". - ამბობს კალაძე.


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სისტემა იცვლება და 2022 წლის თებერვლიდან ძალაში ახალი, ულიმიტო ბარათების სისტემა შემოდის. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აბონემენტების შეძენა მოქალაქეებს 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ. 

ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება - თუმცა, მერიის განმარტებით, შემოდის საშეღავათო სისტემა. 

მოქალაქეები 7 სახის აბონემენტით სარგებლობას შეძლებენ, მათგან ყველაზე იაფი ერთჯერადი პაკეტია, რომლის ღირებულება 1 ლარს შეადგენს და 90 წუთის მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობის უფლებას იძლევა. 

კომენტარები