ომიკრონის შტამი

ბრიტანული კვლევებით, ომიკრონი დელტასთან შედარებით მსუბუქია

22 დეკემბერს გამოქვეყნებული ბრიტანული კვლევების მიხედვით, ომიკრონის შტამი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო მსუბუქი ფორმისაა და ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს. ამის მიუხედავად, მეცნირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს კვლევების წინასწარი შედეგებია, რომელიც სხვა მკვლევრებს ჯერ არ შეუსწავლიათ. შესაბამისად ნაადრევია დასკვნა, რომ ომიკრონის შედეგად გამოწვეული ინფიცირების ტალღა დელტაზე მსუბუქი იქნება. კვლევებში ხაზგასმულია ისიც, რომ ომიკრონის შტამი დელტა ვარიანტთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და აქვს დღემდე არსებული ვაქცინებისგან თავის არიდების უნარიც.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კვლევის მიხედვით, ომიკრონის შტამით ინფიცირებული ადამიანების საავადმყოფოში მოხვედრის მაჩვენებელი, დელტასთან შედარებით, 20 %-ით ნაკლებია. გარდა ამისა, დელტასთან შედარებით, 40 %-ით ნაკლები შანსია, რომ ომიკრონით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ ადამიანს საავადმყოფოში 1 დღეზე მეტის გატარება მოუხდეს.

შოტლანდიაში ჩატარებული კვლევა კი აჩვენებს, რომ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში, დელტასთან შედარებით, საავადმყოფოში მოხვედრის შანსი 2/3-ით ნაკლებია, თუმცა, კვლევაში აღნიშნულია, რომ შოტლანდიაში ამ ეტაპზე, ომიკრონის შტამი ძირითადად ახალგაზრდებში ფიქსირდება და მათი ჰოსპიტალიზების ალბათობა ისედაც ნაკლებია.


კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები