აზარტული თამაშები

ელისაშვილი აზარტულ თამაშებზე: ოცნება ძლივს ძალიან კარგ რაღაცას აკეთებს

droa.ge

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე აზარტული თამაშების შემზღუდავ კანონპროექტს განიხილავს. მოქალაქეების დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საჭიროა, რადგან საქართველოში აზარტული თამაშების მხრივ “საგანგაშო ვითარებაა”.

"სულ იმას ვსაყვედურობთ ქართულ ოცნებას, რომ სახეიროს არაფერს აკეთებს ქვეყნისთვისო და ძლივს ძალიან კარგ რაღაცას აკეთებენ ქვეყნისთვის და აქ სკეპტიციზმს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერებისა ვერ გავიზიარებ. თუ რამე საგანგაშოდ არის ვითარება, აი, სწორედ აქ არის. მესმის მედიის სარეკლამო დანაკარგებიც, მძიმე იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც IT სექტორში არიან და მიბმული არიან ონლაინ სივრცეს. მესმის, ნამდვილად მესმის და არავინ არ მემეტება უმუშევრობისთვის… ამ დაქცეულ ქვეყანაში ორი ბიზნესი ყვავის - ბანკების და ონლაინ თამაშების", - ამბობს  ალეკო ელისაშვილი. 


15 დეკემბერს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, ტელევიზიებთან კონსულტაციისა და მათი თხოვნის შემდეგ, ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამირება პირველი იანვრის ნაცვლად მარტიდან აიკრძალება.

კომენტარები