დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანმა ევროკავშირის შუამავლობით სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა

აზერბაიჯანმა ევროკავშირის შუამდგომლობით სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა. ეს ნაბიჯი დაკავშირებულია 14 დეკემბერს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამმხრივი შეხვედრის შედეგებთან. შეხვედრა შარლ მიშელის ინიციატივით შედგა.

ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და ტყვედ ჩავარდნილთა საქმეთა სახელმწიფო კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სომხეთისთვის გადაცემული პირები 2021 წლის 16 ნოემბერს  "ქალბაჯარის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ პროვოკაციის აღკვეთის დროს დააკავეს".

ტყვეების გათავისუფლებას გამოეხმაურა შარლ მიშელი.

"მივესალმები ბაქოს მიერ სომხეთის 10 მოქალაქის გათავისუფლებას, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერმინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან საუბარს მოჰყვა. ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანისტური ჟესტი, რომელიც აჩვენებს ნდობის გამტკიცების ორმხრივ სურვილს, როგორც ეს ბრიუსელში იყო განხილული." - წერს მიშელი Twitter-ზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის ტერიტორიაზე შეტაკებები 16 ნოემბერს მოხდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, სომხური მხარე სტრატეგიული მაღლობების დაკავებას ცდილობდა, თუმცა მიზნებს ვერ მიაღწია. მათივე ცნობით, პანიკაში ჩავარდნილმა მოწინააღმდეგეებმა პოსტები მიატოვეს. სომხეთის თავდაცვის სამინსიტრომ დაადასტურა, რომ ორი საბრძოლო პოზიცია დაკარგეს. შეტაკების შემდეგ სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდა 12 სომეხი ჯარისკაცი და შესაძლოა 15 დაიღუპა.

კომენტარები