დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საზღვარზე საარტილერიო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 ნოემბერს, დაახლოებით 13:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ პროვოკაცია განახორციელა და ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სომხეთის მხარემ, საკუთარი განცხადებით, საპასუხო ქმედებებს მიმართა. 

ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ მოწინააღმდეგე საზღვარზე აწყობდა პროვოკაციებს 15 ნოემბრიდან, სომხეთის მხარემ აზერბაიჯანი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 14:00-ზე გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები სომეხი სამხედროების პოზიციებს უხსნიან საარტილერიო ცეცხლს, იყენებენ ჯავშანტექნიკასა და სხვადასხვა კალიბრის იარაღს. სამინისტროს ცნობით, მათი საპასუხო ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგეს აქვს ტექნიკური დანაკარგი. 

ასევე სომხეთის მხარის მიერ 15:00-ზე გავრცელებული ცნობებით, ისინი სიტუაციას აკონტროლებენ, მოწინააღმდეგეს კი აქვს როგორც ტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის დანაკარგი, აზუსტებენ ინფორმაციას დაჭრილი სომეხი სამხედროების შესახებ.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მათი ცნობით, სომხეთის მხარე საზღვრის მონაკვეთებზე აწყობდა პროვოკაციებს და ხსნიდა ცეცხლს 15 ნოემბრის მეორე ნახევრიდან, რის შემდეგაც ბაქომ საპასუხო ქმედებებს მიმართა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 13:00-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ქალბაჯარის რაიონში სომხურმა მხარემ ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყო, გახსნეს ცეცხლი აზერბაიჯანელი სამხედროების მიმართ და ცადეს სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება. ამავე ინფორმაციით, მათ ვერ შეძლეს მიზნის მიღწევა. 14:00-ისთვის კი, აზერბაიჯანმა სომხეთი საარტილერიო ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 16:30-ზე გავრცელებული ცნობით, პანიკაში მყოფი მოწინააღმდეგე პოზიციებს ტოვებს, მწყობრიდანაა გამოყვანილი მათი საბრძოლო ტექნიკა.

კომენტარები