ღამის კლუბები

ფერაძე: შესაბამისი რეაგირება გვექნება, თუ მაინც გაკეთდება ღონისძიებები

შრომის ინსპექცია / Facebook

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ღამის კლუბი მაინც გადაწყვეტს ღონისძიების ჩატარებას, შრომის ინსპექციას შესაბამისი რეაგირება ექნება.

ფერაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისიც თქვა, რომ უწყებების მხრიდან ღამის კლუბების გახსნის საკითხის მიმართ კონსტრუქციული მიდგომა იმას არ ნიშნავს, რომ ღონისძიებები თვითნებურად უნდა დაანონსდეს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

"პროტოკოლის დრაფტის შემუშავება არ გულისხმობს, რომ ნებართვა აქვს ამა თუ იმ სექტორს მიღებული. სავარაუდოდ, განწყობა უწყებების ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც კონსტრუქციული მზაობა და დამოკიდებულება სექტორის მიმართ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებამდე თვითნებურად ანონსი უნდა გაკეთდეს ღონისძიებების ჩატარება, თუ არ ჩატარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მათ შორის, [ანონსი] როდესაც გავრცელდა პირველივე დღეს, კომუნიკაცია გვქონდა და მათ ავუხსენით, რომ მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ვერ იქნება ნებართვა მიცემული ვერც ერთ ღონისძიებაზე, ეს ინფორმაცია მათ აქვთ და მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ გარკვეულმა ორგანიზაციებმა მაინც დაანონსეს ივენთები", - თქვა მან.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ობიექტებს ეთერიდან მოუწოდა, რომ არ გამართონ ივენთები, რადგან მისი თქმით, ეს არ არის ნებადართული და არც იმის საფუძველი არსებობს, საბჭოს გადაწყვეტილებამდე ღონისძიებები წინსწრებით ჩატარდეს.

"როგორც ჩანს, რამდენიმე ობიექტმა გადაწყვიტა, რომ დაანონსონ ივენთი, ჩვენ გვაქვს კვლავ კომუნიკაცია და მოვუწოდებთ, რომ არ არის ეს ნებადართული საქმიანობა და ჩვენ მოგვიწევს გეგმიური მონიტორინგის განხორციელების დროს შესაბამისი რეაგირება, თუ აღმოვაჩენთ, რომ ესა თუ ის ღონისძიება კვლავ იმართება. ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ ეს არის გზა, ამდენი სახელმწიფო უწყება ერთობლივად ვმუშაობთ და საბჭოს უნდა წარედგინოს - თუ საბჭო მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ უნდა გაიხსნას ესა თუ ის სექტორი, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე, ამიტომ ღია კარი, როდესაც არსებობს და მზაობა, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად მოხდეს ეს ქმედებები, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ წინსწრებით ამა თუ იმ კომპანიამ მაინც განახორციელოს ღონისძება. ვფიქრობ, რომ არ მოხდება ასე, მიუხედავად ამისა, თუ რამდენიმე ორგანიზაცია მაინც დაანონსებს და გააკეთებს ამა თუ იმ ღონისძიებას, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - თქვა მან.

შრომის ინსპექციამ დღეს, 17 დეკემბერს, კლუბებში ღონისძიებების ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ მათი გამართვა ნებადართული არაა.

7 დეკემბერს კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილი დაწერა, რომ 17 დეკემბრიდან კლუბები მუშაობას განაახლებდნენ.

20 ოქტომბერს ორაშვილმა დაწერა, რომ უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1 500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია. ორაშვილის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ სრულად სრულად ვაქცინირებული (71.08%), კოვიდგადატანილი (12.04%) და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე (16.88%) ადამიანები მონაწილეობდნენ.

კომენტარები