დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირი მტკიცედ უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განიხილეს, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრა იყო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მტკიცედ უპასუხებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და თავი შეიკავოს შემდგომი აგრესიისგან. ჩვენ დავარწმუნეთ უკრაინა მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ჩვენს მტკიცე მხარდაჭერაში. არ უნდა არსებობდეს ეჭვი, ევროკავშირი მტკიცედ უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას." – თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ფონ დერ ლეიენის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ნორმანდიის ფორმატში უნდა წარიმართოს, რომელშიც საფრანგეთი და გერმანია მედიატორების როლს ასრულებენ.

ურსულა ფონ დერ ლეიენის პრესკონფერენციამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაინტერესებულია სანქციების პოლიტიკით ესკალაციამდე გვაინტერესებს, რათა არ მოხდეს ესკალაცია.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები