დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: ჩვენ სანქციების პოლიტიკა ესკალაციამდე გვაინტერესებს, მაშინ ესკალაცია არ იქნება

ვოლოდომირ ზელენსკი
Twitter/@ZelenskyyUa

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში მოქმედების 5 სხვადასხვა გზას განიხილავს, ხოლო უკრაინა აგრესიის თავიდან აცილებისთვის ითხოვს სანქციებით წნეხის განხორციელებას. ზელენსკის ამის შესახებ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ბრიუსელში შეხვედრებზე განიხილეს სავარაუდო ესკალაციაზე ევროკავშირის პასუხის 5 სხვადასხვა გზა.

"ჩვენ ვთქვით, რომ არ გვაქვს 5 რეაქცია, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი რეაქცია, რომელიც 2014 წელს ვაჩვენეთ. [..] მაშინ უკრაინელები სახელმწიფოს იარაღით ხელში იცავდნენ" – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრებზე რეაგირების სხვადასხვა გზები განიხილეს და ძირითადად ლიდერების შემოთავაზებაა, რუსეთს მკაცრი სანქციები ესკალაციის შემდეგ დაუწესდეს, თუმცა უკრაინა ამას ეწინააღმდეგება.

"მე მეჩვენება, რომ სანქციების პოლიტიკა ესკალაციის შემდეგ უკვე დიდად არავის აინტერესებს. ჩვენს სახელმწიფოს აინტერესებს სანქციების პოლიტიკა სავარაუდო ესკალაციამდე, მაშინ ის არ მოხდება" – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირებისთვის ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებს და მზადაა ნორმანდიის ფორმატის გარდა სხვა გზებიც განიხილოს. პრეზიდენტის თქმით, ნორმანდიის ფორმატი არც ისე ეფექტიანია. 

"მუშაობს თუ არა ნორმანდიის ფორმატი... ეს რომ უკრაინაზე ყოფილიყო დამოკიდებული, ეფექტიანად იმუშავებდა. ამიტომ განვიხილავთ პარალელურ გზებს" – თქვა ზელენსკიმ. 

უკრკაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მხარს უჭერს მოლაპარაკებებში აშშ-ს ჩართვას, არა ნორმანდიის, არამედ ახალი ფორმატის ფარგლებში.

"ვისურვებდი, რომ აშშ-ს ეთამაშა წამყვანი როლი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სამმხრივი ფორმატი, მაგრამ ის არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე. არაფერი არ შეიძლება [მოხდეს] უკრაინის ზურგს უკან" – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები