სასკოლო სახელმძღვანელოები

დროა: სახელმძღვანელოებზე დისკუსია გამოვიდეს პოლიტიკიდან, განიხილონ პროფესიულმა წრეებმა

პარტია დროა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით განათლების სფეროს სპეციალისტებსა და სამინისტროს მიმართავს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმძღვანელოს შესახებ დისკუსია უნდა გამოვიდეს პოლიტიკური სივრციდან და აკადემიური და პროფესიული წრეების განხილვის საგანი გახდეს.

"მიუხედავად საკითხის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესისა, სამინისტრომ არ გამოხატა კონსტრუქციული დისკუსიის წამოწყების უნარი და სურვილი. პირიქით, სამინისტროს მაღალჩინოსნების განცხადებების სარკასტული ტონი კიდევ ერთხელ მიუთითებდა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების აზრის უგულებელყოფაზე. 

სამწუხაროდ, ეს არ არის პარტიული ინტერესების გასატარებლად განათლების სფეროში დასაქმებულ პირებზე ზეგავლენის და საგანმანათლებლო პროცესებში ჩარევის  პირველი შემთხვევა. პოლიტიკური წნეხის ქვეშ ხვდებიან სასკოლო სახელმძღვანელოების შემდგენი ავტორები, გამომცემლობები, მასწავლებლები, დირექტორები და თავად სამინისტროს თანამშრომლები". – ნათქვამია განცხადებაში.

დროა მიიჩნევს, რომ აუცილებელია, როგორც კონკრეტული სახელმძღვანელოების, ასევე ზოგადად სასკოლო განათლების შესახებ დაიწყოს  კონსტრუქციული და აკადემიური მსჯელობა აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ისტორიკოსების, განათლების ექსპერტების, მასწავლებლების, სახელმძღვანელოების ავტორების, გამომცემლობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

"სასკოლო განათლება მომავალი სამოქალაქო საზოგადოების საფუძველია. სკოლის პერიოდში მიღებული ცოდნა და ღირებულებები ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული უნდობლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ გამოწვეულია უფრო ღრმა, სისტემური პრობლემებით, რომლებიც სცდება კონკრეტული სახელმძღვანელოს თემას. ვთვლით, რომ აუცილებელია, მსჯელობის საგანი გახდეს ასევე ზოგადად სასკოლო განათლება, მათ შორის, სახელმძღვანელოების შედგენის პრინციპები და სტანდარტები, სასწავლო პროცესი, სკოლების ავტონომიურობის ხარისხი და სხვა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მოვლენების შესახებ ინფორმაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირთა ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა არასწორია.

კომენტარები