სასკოლო სახელმძღვანელოები

რა წერია სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირთა ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა არასწორია.

ტაბულა დაინტერესდა წიგნებში შეტანილი ინფორმაციით. სამინისტრომ საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ გრიფი მიანიჭა გამომცემლობების, ლოგოს პრესისა (2021 წელს) და დიოგენეს (2020 წელს) მიერ შედგენილ წიგნებს.

დიოგენეს მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ 2000-იანი წლების შემდეგ საქართველოში დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სწორედ ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, დიოგენე, გვ. 410

"მთავრობის მეთაური, პრემიერმინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა". – ნათქვამია წიგნის 410-ე გვერდზე.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, დიოგენე, გვ. 400

სახელმძღვანელოში ასევეა საუბარი ვარდების რევოლუციისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

"2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს". – ვკითხულობთ სახელმძღვანელოს 399-ე გვერდზე.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, ლოგოს პრესი, გვ. 351

გამომცემლობა ლოგოს პრესის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოს ქვეთავში – "საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია", ასევე საუბარია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პირველ პრეცედენტზე. აქვე მოცემულია ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია და ამონარიდები 2021 წელს პარლამენტში ივანიშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის სამოქმედო გეგმიდან.

"ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი. 1988 წელს დააფუძნა კოოპერატივი "აგროპროგრესი", რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა, 1990 წელს დააარსა ბანკი "როსიისკი კრედიტი". 1955 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". 1996 წელს დააფუძნა "ქართუ ბანკი". პოლიტიკაში მოსვლამდე აფინანსებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენაის პროექტებს და ფინანსურად ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს. 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერმინისტრი. 2012 წელს ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომლის ლიდერი იყო 2021 წლამდე". – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

ამავე სახელმძღვანელოში ასევეა ქვეთავი ვარდების რევოლუციის შესახებ და მიხეილ სააკაშვილის მოკლე ბიოგრაფია. წიგნში გვხვდება, ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას ბიოგრაფიაც. წიგნში შეტანილია ცნობები ყოფილი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, ლოგოს პრესი, გვ. 345

დიოგენეს მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში შეტანილია ცნობები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც. წიგნში ვკითხულობთ, რომ 6-7 აგვისტოს ოსური ფორმირებების მიერ ცხინვალის მიმდებარედ ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა.

აღნიშნულ ქვეთავს კი მოსდევს კითხვა: "შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?"


პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სასკოლო სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეტანის გამო საპროტესტო აქციები დააანონსა.

"მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო. ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ, ყველა იპოვით თქვენ ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით". – წერს ხოშტარია.

კომენტარები