ბულგარეთი

ბულგარეთის ახალი პრემიერმინისტრი კირილ პეტკოვი გახდა

კირილ პეტკოვი
Getty Images

ბულგარეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე კირილ პეტკოვი დაამტკიცა. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა პეტკოვის წარდგენილი კოალიციური მთავრობის კაბინეტი.

პეტკოვის პარტიამ ვაგრძელებთ ცვლილებებს ნოემბერში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პეტკოვი ბულგარეთის ისტორიაში უპრეცედენტო მმართველი კოალიციის ლიდერი იქნება. კოალიციის წევრები არაინ ბულგარეთის სოციალისტური პარტია, პარტია არის ასეთი ხალხის (ITN), მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია დემოკრატიული ბულგარეთი. კოალიციის დევიზია "ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციას".

ბულგარეთის ახალი მთავრობა მუშაობას 8-თვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ იწყებს. პეტკოვის მთავარი დაპირებები კორუფციასთან ბრძოლა, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და უფრო მდიდარ ევროპულ სახელმწიფოებთან ერთ დონეზე მისვლაა. ახალ მთავრობას სხვადასხვა გამოწვევები აქვს, მათ შორის ვაქცინაციის ნელი პროგრამა, ელექტროენერგიის მაღალი ფასები და 2024 წელს ევროზონაში შესვლისთვის ეკონომიკისთვის მზადება.

"ჩემი პირველი ამოცანა იქნება ელექტროენერგიის ფასების შენარჩუნება და ვაქცინაციის დაჩქარება, სულ მცირე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლამდე" - თქვა პეტკოვმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, თუმცა დაიწყება საინფორმაციო კამპანია, რათა სკეპტიკურად განწყობილი ბულგარელები აიცრან. ბულგარეთში ზრდასრული მოსახლეობის 26%-ია სრულად აცრილი, მაშინ როცა ევროკავშირში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 70%-ია.

კირილ პეტკოვმა ასევე პირობა დადო, რომ ევროკავშირთან და NATO-სთან ბულგარეთის ინტეგრაციას გააღრმავებდა.

2021 წლის 12 მაისიდან 16 სექტემბრამდე კირილ პეტკოვი ბულგარეთის დროებით მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. 2021 წლის 19 სექტემბერს შედგა კირილ პეტკოვის პარტიის ვაგრძელებთ ცვლილებებს პრეზენტაცია. მან პარტია თანამოაზრე ასენ ვასილევთან ერთად ჩამოაყალიბა. პეტკოვმა და ვასილევმა ერთმანეთი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში სწავლის დროს გაიცნეს.

კომენტარები