ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია მომავალი თაობებისთვის მოწევას სრულად აკრძალავს

ახალი ზელანდია მომავალი თაობებისთვის მოწევას სრულად აკრძალავს. ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის მოსახლეობამ თანდათანობით მოწევა შეწყვიტოს. ახალი კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში მომავალი წლიდან შევა, 2008 წლის შემდეგ დაბადებულები სიგარეტის და თამბაქოს პროდუქტების შესყიდვას ვეღარ შეძლებენ. 

"გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობამ მოწევა არასოდეს დაიწყოს" - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა აიშა ვერალმა.

ამ აკრძალვის გარდა, იგეგმება თამბაქოს პროდუქტები რაც შეიძლება რთულად ხელმისაწვდომი გახდეს და სიგარეტში ნიკოტინის შემცველობა შემცირდეს. მნიშვნელოვნად შეიზღუდება, სიგარეტის გაყიდვის ადგილები. თამბაქოს პროდუქტები აღარ გაიყიდება სუპერმარკეტებსა და პატარა მაღაზიებში. მთლიანობაში იმ მაღაზიების რაოდენობა, სადაც სიგარეტი იყიდება, 8 000-იდან 500-მდე შემცირდება.

ექიმები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მოწევის საწინააღმდეგო ახალ პოლიტიკას და "მსოფლის წამყვან რეფორმებს" მიესალმებიან.

"ეს ადამიანებს დაეხმარება მოწევას თავი დაანებონ, ან ნაკლებად მავნე პროდუქტებზე გადავიდნენ. ასევე ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა, რომ ახალგაზრდები ნიკოტინზე დამოკიდებულები გახდებიან" - თქვა ოტაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯანეტ ჰუკმა.

ახალ ზელანდიას განზრახული აქვს, 2025 წლისთვის ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 5%-ით შემცირდეს. ამჟამად ახალი ზელანდიაში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 13% ეწევა. გასულ ათწლეულში ეს მაჩვენებელი 18% იყო. თუმცა იგივე მაჩვენებელი უფრო მაღალი, 31%-ია ახალი ზელანდიის მკვიდრ მოსახლეობაში, მაორიში.  

ბოლო წლებში ახალ ზელანდიაში ახალგაზრდა თაობაში უფრო პოპულარული გახდა ელექტრონული სიგარეტი. თუმცა ეს პროდუქტი სრულიად უსაფრთხო არ არის. კვლევების მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის სითხეც შეიცავს მავნე, სიმსივნის გამომწვევ აგენტებს.

კომენტარები