ალტ-ინფო

Tbilisi Pride ალტ-ინფოზე: უდიდესი ჩავარდნაა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში

ტაბულა

Tbilisi Pride პუტინისტური პლატფორმის, ალტ-ინფოს დამფუძნებლების მიერ შექმნილი პარტიის დარეგისტრირებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს უდიდესი ჩავარდნაა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ალტ-ინფოს მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მიერ გატარებული პოლიტიკა – ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია – არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში.

ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღსადგენად. ალტ-ინფოს ლიდერებმა არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები მათ არ სჯიან, რადგან თავად არიან 5 ივლისის ძალადობის თანაორგანიზატორები". – ნათქვამია განცხადებაში.

Tbilisi Pride მიიჩნევს, რომ პარტია საფრთხეს წარმომადგენს საქართველოსთვის როგორც ულტრამემარჯვენე ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფი და ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი.

"გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფო ღიად აცხადებს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ. ალტ-ინფოს ლიდერების ამბობენ, რომ "საქართველოს არ აქვს არანაირი ევროპული მომავალი" და რომ "არ ღირს ოკუპაციის დემონიზება". საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მათ წარმოუდგენიათ რუსეთთან დიალოგით, და მიესალმებიან რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში. ასევე, ალტ-ინფოს ღია მხარდამჭერია კრემლთან დაახლოებული რუსი ულტრანაციონალისტი ფიგურა, ალექსანდრ დუგინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალტ-ინფო საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების ერთ-ერთი სახეა". – წერს ორგანიზაცია.

Tbilisi Pride მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია 5 ივლისის მოვლენებზე და ამავდროულად, ყველა სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას.

8 დეკემბერს საჯარო რეესტრმა პუტინისტური მედიის დამფუძნებლების მიერ შექმნილი პარტია – კონსერვატიული მოძრაობა დაარეგისტრირა. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა.

20 ნოემბერს, პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. პარტია ლელოს ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა დაწერა, რომ  თუ იუსტიციის სამინისტრო პარტიას დაარეგისტრირებდა, ის და მისი კოლეგები სასამართლოსგან მოითხოვდნენ პარტიის გაუქმებას. 

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით. 

კომენტარები