ელექტროენერგია

2022 წლიდან პენსიონრები და სოც. დაუცველები დენის საფასურს ახალი ვადებით გადაიხდიან

history.com

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.

ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისთვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს: თბილისში - "თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას" (თელმიკო), ხოლო რეგიონებში - "ეპ ჯორჯია მიწოდებას".

ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირების კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

გარდა ამისა, სემეკის თანახმად, მრიცხველების წაკითხვა განხორციელდება ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი.

"ქ. თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში შპს "თელმიკოს" აბონენტთა ნაწილი, რომლისთვისაც ახალ მეთოდზე გადასვლით იცვლება მრიცხველის წაკითხვისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის ვადა, 2 ქვითარს მიიღებს.

პირველ ქვითარს ასეთი მომხმარებლები დეკემბერში მიიღებენ არსებული ე.წ. ბლოკური წაკითხვის (მრიცხველების წაკითხვა სხვადასხვა პერიოდში) მიხედვით, რომელზეც ასახული იქნება 30 დღის განმავლობაში (ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი) მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

მეორე ქვითარს მიიღებენ დეკემბრის ბოლოს - ერთიანი წაკითხვის სისტემით (მრიცხველების წაკითხვა თვის ბოლო 4 დღეში), რომელშიც აისახება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში, რომელშიც იქნება ასახული დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ფაქტობრივი მონაცემები. (დარიცხვა განხორციელდება არაუმეტეს 30 დღეზე)". - წერია სემეკის განცხადებაში.

კომენტარები