ახალი კორონავირუსის ახალი შტამი

WHO: შესაძლოა, ომიკრონით რეინფიცირების რისკი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სხვა შტამებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციამ 28 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც განმარტებულია ბოლო ინფორმაცია კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის შესახებ.

ჯანმოს თანახმად, წინასწარი მონაცემებით, უფრო დიდი რისკია, რომ კოვიდგადატანილებს ომიკრონის შტამით ხელახლა დაავადნენ, ვიდრე სხვა შტამებით.

"წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, ომიკრონით რეინფიცირების რისკი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე შეშფოთების გამომწვევი სხვა შტამებით, (ანუ ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კოვიდი შესაძლოა უფრო მარტივად რეინფიცირდნენ ომიკრონით) თუმცა ინფორმაცია შეზღუდულია. მომავალ დღეებსა და კვირებში ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი" - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ჯერ არ არის ნათელი, სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო გადამდებია თუ არა ომიკრონი. სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ომიკრონით ინფიცირდნენ, თუმცა ეპიდემიოლოგები სწავლობენ, ეს მხოლოდ ომიკრონის გადამდებობითაა განპირობებული თუ სხვა ფაქტორებითაც. 

ასევე ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა ომიკრონი უფრო მძიმე ავადმყოფობას, ვიდრე სხვა შტამები, მათ შორის დელტა. წინასწარი მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი სამხრეთ აფრიკაში იზრდება, თუმცა ეს შესაძლოა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით იყოს განპირობებული. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ ომიკრონით გამოწვეული სიმპტომები განსხვავდება კორონავირუსის სხვა ვარიანტებით გამოწვული სიმპტომებისგან. ჯანმოს თანახმად, თავდაპირველად ახალი შტამი უნივერსიტეტის სტუდენტებში გამოვლინდა, ახალგაზრდა ადამიანებში, რომლებსაც, როგორც წესი უფრო მარტივად გადააქვთ დაავადება. ომიკრონის ვარიანტით გამოწვეული Covid-19-ის სიმძიმის შეფასებას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტექნიკურ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა დადგინდეს ვაქცინების ეფექტიანობა ახალი ვარიანტის მიმართ. თუმცა ჯანმოს თანახმად, ამჟამინდელი ვაქცინები რჩება გართულებებისგან და სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტიან საშუალებად.

"ვაქცინები რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვან საშუალებას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან თავიდან ასაცილებლად, მათ შორის დომინანტურად გავრცელებული დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც. ამჟამინდელი ვაქცინები კვლავ ეფექტიანია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ" - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანმოს მიხედვით ომიკრონის შტამით ინფიცირების დროს ამჟამინდელი მკურნალობის მეთოდები ეფექტიანია.  

"ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით მკვლევართა დიდ რაოდენობასთან ერთად მუშაობს რათა უკეთ იყოს გაგებული ომიკრონი. კვლევები რომლებიც ახალა მიმდინარეობს ან მალე დაიწყება, მოიცავს გადაცემის, ინფექციის სირთულის (მათ შორის სიმპტომების), ვაქცინების, დიაგნოსტიკური ტესტების და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებას" - ნათქვამია განცხადებაში.


მსოფლიოს ქვეყნები შტამ ომირკონის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს შტამ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.

ქვეყნები ახალი შტამით ინფიცირების პრევენციის მიზნით უკვე აწესებენ შეზღუდვებს. ისრაელის მთავრობამ ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 2 კვირით უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. შეზღუდვები ასევე დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ.

შტამ ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს. ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობას კომპანია Novavax-იც.

კომენტარები