მიხეილ სააკაშვილი

ლიზა იასკო: ცუდია, რომ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე

Interpressnews.ge

"ცუდია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე". - ამის შესახებ სააკაშვილის ცოლმა, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ყოფილი პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

მისი თქმით, სააკაშვილი ისევ სუსტად გრძნობს თავს. მისივე თქმით, მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

"სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. ძალიან მეშინოდა მისი მდგომარეობის გამო. მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ უკეთებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა დაახლოებით კიდევ სამი კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. პოსტტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე. ძალიან ცუდია,  როდესაც ადამიანი ასეთ პირობებში იმყოფება, რადგან შეიძლება, უფრო ცუდად წარიმართოს რეაბილიტაცია. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით და ვფიქრობ, მას ახლა სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება ახლობლების, ადვოკატებისა და ხალხის მხრიდან. ბრძოლა მისი გათავისუფლებისთვის გრძელდება". - ამბობს იასკო. 


მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები