თურქეთის ეკონომიკა

ერდოღანის გადაწყვეტილებების გამო, თურქული ლირა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
Financial Times

თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი გრძელდება, 2021 წელს ლირამ ღირებულების თითქმის 40% დაკარგა

23 ნოემბერს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 12.82 ლირა შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი დოლარის კურსი 7.98 ლირას შეადგენდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ბანკებისა და საბროკეროების ნაწილმა თურქული ლირით ვაჭრობა დროებით შეაჩერა, რადგან ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ, შესაძლოა, რეზერვების ამოწურვა გამოიწვიოს. 

თურქული ლირის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით

თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ცენტრალურ ბანკსა და რეფინანსირების განაკვეთზე განხორციელებული აშკარა პოლიტიკური ზეწოლაა.

ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციის დონისა, ის ყველანაირად შეეცდებოდა ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. 

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ამჟამად თითქმის 20%-ს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.
 
ერდოღანის ბრძანებით, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 16%-მდე შეამცირა და მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის დამატებით 100 საბაზისო პუნქტით, 15%-მდე შემცირებას დაუჭიროს მხარი.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი, თითქმის 15%-იანი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. 

აგბალის შემდეგ, თანამდებობა საჰაპ კავჩიოღლუმ დაიკავა, რომელიც იზიარებდა ერდოღანის ეკონომიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და სექტემბერში 19.58%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ასევე, გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესიც, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამის მაჩვენებლებთან. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონემ 22%-ს გადააჭარბოს.

კომენტარები