მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: სააკაშვილის გათავისუფლება რეჟიმის დამარცხების გასაღები არაა, საკითხი პირიქით არის

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

"თუ ვინმე საკითხს ასე სვამს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არის გასაღები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების, ცდება, პირიქით არის საკითხი - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, ან არსებითად დასუსტება არის საჭირო, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდეს ზოგადად ყველას მიმართ და მათ შორის, სააკაშვილის მიმართ". - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში თქვა. 

მისი შეფასებით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის ორი გზა არსებობს - სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირი გადაწყვეტილება, ან ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნა, სადაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა პოლიტიკურ დევნას ვერ გააგრძელებენ. 

"ნებისმიერი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, მითუმეტეს ამ მოვლენების შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის, თავისთავად კარგი იქნება, უბრალოდ, მე ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ ივანიშვილი, ან მისი გარემოცვა ამას ახლა იხილავდეს სერიოზულად, ამიტომ, ვერ მოვატყუებ ვერავის ვისაც ეს საკითხი აღელვებს, გინდ სააკაშვილის მხარდამჭერი იყოს, გინდ უბრალოდ ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ პოლიტიკური მოტივით არავინ არ უნდა იდევნებოდეს. ეს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ამით საზრდოობს პოლიტიკური დევნით და ამ მაგალითის გამოყენებით ცდილობს ძალების გამოყენებას, რის გამო იზამს ამას?!

აქ მხოლოდ ორი ფაქტორი შეიძლება იყოს, სტრასბურგის გადაწყვეტილება პირდაპირი და მკაფიო, რომელიც არ იქნება 2-3 დღეში, ვგულისხმობ არსებით საქმეზე გადაწყვეტილებას, ან ვითარება ქვეყნის შიგნით ისეთი, სადაც შეუძლებელი იქნება, რომ ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ დააიგნოროს და გააგრძელოს ზოგადად პოლიტიკური დევნა და ამ შემთხვევაში სააკაშვილის პატიმრობა. ახლა ეს ვითარება შექმნილი არ არის არცერთი". - ამბობს ბოკერია. 


მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

 

კომენტარები