ოკუპირებული აფხაზეთი

საგარეო: აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს თურქეთში კერძო შეხვედრები ჰქონდათ

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრები
Sputnik Abkhazia/Facebook/Астамур Логуа

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს თურქეთში რუსული პასპორტებით ჩავიდნენ და კერძო შეხვედრები ჰქონდათ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან და ეთნიკურ აფხაზებთან. აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო დეპუტატები თურქეთის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.

"თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთის მთავრობა განუხრელად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატები რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას და კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს თურქეთში არსებულ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან და ეთნიკურ აფხაზებთან. აღნიშნული კერძო ხასიათის შეხვედრები, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება თურქეთის მხარესთან ოფიციალურ კომუნიკაციად. საქართველოს საელჩო ანკარაში მუდმივ თანამშრომლობაშია თურქეთის მხარესთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში." – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.

Sputnik Abkhazia-ს მიხედვით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დელეგაცია თურქეთში ვიზიტით 14-იდან 19 ნოემბრამდე იმყოფებოდა. დე-ფაქტო პარლამენტის წევრის ასტამურ ლოგუას თქმით, თურქ კოლეგებთან მათ სხვადასხვა ინიციატივები განიხილეს, თუმცა მთელ პარლამენტს არ შეხვედრილან.

"გვქონდა შეხვედრები არა მხოლოდ აფხაზური წარმოშობის დეპუტატებთან, არამედ თურქეთის პარლამენტის სხვა დეპუტატებთანაც. კოლეგებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივები, ღვთის ნებით, უკვე ახალ წელს თურქეთის პარლამენტის დიდი დელეგაცია ესტუმრება აფხაზეთს და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტაქტებს. დიახ, ჩვენ არ შევხვედრილვათ მთელ პარლამენტს, თუმცა თურქი დეპუტატების რაღაც რაოდენობა პირველად შეხვდა აფხაზ კოლეგებს" – თქვა ლოგუამ.

ლოგუას თქმით, თურქეთში მათ სხვადასხვა კულტურული ინიციატივები განიხილეს, თუმცა მთავარი მიმართულება რომლითაც უნდა იმუშაონ, თურქეთთან საზღვაო კავშირის გახსნაა.

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 2022 წელი გახდება გარღვევა როგორც მსოფლიოსთან ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის" – თქვა ლოგუამ.

კომენტარები