ოკუპირებული აფხაზეთი

ენგურჰესის დირექტორის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ქვესადგურის ნაწილი გადმოიტანეს

ენგურჰესის დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი გადმოიტანეს. 

9 მარტს, აფხაზურმა ტელეგრამ არხმა RESPUBLICA-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ტვირთი გალშია გადაღებული. არხის მიხედვით, ადგილი ჰქონდა "საიდუმლო ოპერაციას", რომელშიც საქართველოსთან ერთად აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. 

მებონიას თქმით, ტრანსფორმატორი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2017 წელს გადაიტანეს და ერთ-ერთ ქვესადგურზე დაამონტაჟეს, ხოლო ახლა ის დაშალეს და ნაწილები წყალტუბოს ახალ ქვესადგურის დასაყენებლად საქართველოში დააბრუნეს. მისი თქმით, ამ საკითხზე სკანდალი "ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია". 

2023 წლის 26 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და ე.წ. ვიცეპრემიერმა, კრისტინა ოზგანმა სპუტნიკ აბხაზიასთან საუბარში დაადასტურა, რომ გასულ დღეებში ის ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ოზგანის თქმით, ქართულ მხარესთან "სამუშაო შეხვედრა ენგურჰესის კაშხალთან" გამართეს.

"განვიხილეთ 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული". – თქვა ოზგანმა.

ოზგანის თქმით, მათმა რეჟიმმა ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამომგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ. ამავე ინფორმაციით, მან თქვა, რომ 2015 წელს რეკონსტრუქციის პროექტი განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის გამოყენება თითქმის ორჯერ უფრო მცირე იყო.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანებში ელექტროენერგიის კრიზისია. გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს საკუთარ ელექტროობას უსასყიდლოდ არ მიაწვდიდა. ვრცლად ელექტროდეფიციტის შესახებ წაიკითხეთ აქ – ელექტროკრიზისის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ვარდნილჰესი 2-ის იჯარით გაცემაზე ფიქრობენ.

 

 

კომენტარები