მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ექიმი: გავიდა მესამე კრიტიკული დღე, ყველა ექიმი და თავად პაციენტიც კმაყოფილია

"დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. ყველა ექიმი და პაციენტი კმაყოფილია". - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ თქვა. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ექოკარდიოგრაფია გავუკეთეთ. ყველა ანალიზი კეთდება ყოველდღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია. როგორც იქნა, ცილამაც უკვე დაიწყო ნელ-ნელა მოწესრიგება. 28 თუ ჰქონდა ალბუმინი, დღეს გაგვიხარდა, უკვე ნორმის ქვედა ზღვარს, 34-ს მიაღწია. ამასობაში, უკვე მიკროელემენტების, ვიტამინების დოზებს ცოტა ვამცირებთ, რომ ყველაფერი თანხვედრაში იყოს, როგორც კვება, ასევე, ნუტრიენტები. ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაზე. ისევ ვიქნები მთელი დღე აქ. ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს, ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე. მერე უკვე გადავალთ სულ სხვა კვებაზე. იმ კვებაზე მერე ვილაპარაკოთ". - ამბობს გიორგაძე. 


მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები