უკრაინა-რუსეთი

პესკოვი: თურქული დრონების დონბასში განთავსებამ, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

დმიტრი პესკოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონბასში, სეპარატისტების წინააღმდეგ, თურქული უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, დონბასში, უკრაინის სამხედრო ძალებისა და სეპარატისტების შეხების ხაზზე თურქული უპილოტო საბრძოლო აპარატების განთავსებამ, შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

"ჩვენ თურქეთთან მართლაც განსაკუთრებული და კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მტკიცდება ჩვენი შიშები, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ მსგავსი ტიპის შეიარაღების განთავსებამ, შესაძლოა, შეხების ხაზზე პოტენციურად მიგვიყვანოს სიტუაციის დესტაბილიზაციამდე", – უპასუხა პესკოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თურქული საბრძოლო დრონის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეკითხვას. 

"ვხედავთ, რომ როგორც კი მსგავსი შეიარაღება სამხედროების ხელში ხვდება, მათ, პოტენციურად, უკრაინის ამ რაიონში გამოიყენებენ და ეს მხოლოდ დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს", – დაამატა კრემლის სპიკერმა. 

26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2. სეპარატისტები უკრაინელი სამხედროების მიმართულების ცეცხლს ხსნიდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა.  თურქული უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინელებმა კონტრშეტევისთვის გამოიყენეს. 

კომენტარები