დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

CNN: CIA-ის დირექტორი მოსკოვში უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო ჩავიდა

უილიამ ბარნსი

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი კრემლის გასაფრთხილებლად, იმის სათქმელად გაგზავნა, რომ "აშშ უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრას ახლოდან აკვირდება".

ბარნსი რუსეთში ვიზიტით 2-3 ნოემბერს იყო ჩასული. გავრცელებული ინფორმაციით ის რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლაი პატრუშევს და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ბარნსი შეხვდა უშიშროების სფეროს მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული სამხედრო აქტივობაში. CNN-ის თანახმად, მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ბარნსი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდომირ ზელენსკის დაძაბულობის განმუხტვისთვის ტელეფონით ესაუბრა.

CNN-ი წერს, რომ მაღალი დონის დიპლომატიური აქტივობა ხაზს უსვამს, რამდენად სერიოზულად აღიქვამს ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ჯარების გადაადგილებებს, მიუხედევად იმისა რომ გაზაფხულზე უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო შენართების მობილიზებას უკრაინაში შეჭრა არ მოჰყოლია.

ბოლო პერიოდში რუსეთსა უკრაინას შორის ურთიერთობები კვლავ გამწვავდა, განსაკუთრებით ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის ფონზე.

"ჯარების თავმოყრა ენერგო-შანტაჟთან ერთად მიანიშნებს რუსეთის უფრო აგრესიულ პოზიციაზე" – უთხრა ზელენსკის მრჩეველმა CNN-ს.

პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ პარასკევს, 5 ნოემბერს თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების მასშტაბი და ზომა უჩვეულო იყო.

"ჩვენ ვაგრძელებთ ახლოდან დაკვირვებას და როგორც უკვე თქვა, რუსეთის აგრესიული ან ესკალაციის გამომწვევი ქმედებები აშშ-ს დიდ შეშფოთებას გამოიწვევს" – თქვა კირბიმ.

ოქტომბრის ბოლოს ამერიკულმა გამოცემამ, Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთის სამხედრო ძალებმა კვლავ დაიწყეს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრა, რამაც გამოიწვია ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების შეშფოთება. მათ მიაჩნიათ, რომ შემჩნეული გადაადგილებები უჩვეულოა. 

ოფიციალური პირები, რომლებიც Washington Post-ს ანონიმურად ესაუბრებოდნენ, ამბობენ, რომ ამ გადაადგილებებმა ხელახლა გააღვიძა უკრაინასთან დაკავშირებული ის შიშები, რაც ამ წლის აპრილში არსებობდა, როდესაც რუსეთი სამხედრო შენაერთები უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სამხედრო წვრთნაც ჩაატარეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია.

კომენტარები