მიხეილ სააკაშვილი

ნონიაშვილი: აშშ-ს მწვავე კრიტიკას ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების განცხადებას გამოეხმაურა. ნონიაშვილის თქმით, აშშ-ს მხრიდან ამგვარ მწვავე კრიტიკას ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს.

"ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს იმგვარ მწვავე კრიტიკას აშშ-ს მხრიდან, რაც ვიხილეთ დღევანდელ განცხადებაში, ისინი კი უფრო და უფრო ინტენსიურად აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.

ხელისუფლების ყველა უპასუხისმგებლო გადადგმულ ნაბიჯს ამ ქვეყნის ინტერესებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ, ცხადია, რომ მოჰყვება რეაქცია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო დონეზე. ზუსტად ამას ვხედავთ იგივე ევროპარლამენტარების დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ამერიკელი სენატორების ან აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მათ შორის, ექსპრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით ან ომბუდსმენის მიერ შექმნილ კონსილიუმთან დაკავშირებით, არის ზუსტად ის დამოკიდებულება, რომელსაც მოსდევს ეს რეაქცია. ჩვენი ვალია, რომ საშინაო და საგარეო წნეხი გავზარდოთ იმისთვის, რომ ეს ავტორიტარიზმი, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, მოვაშოროთ ამ ქვეყნიდან და კარგია, რომ საგარეო რეაქცია მოჰყვა კიდევ უფრო მძაფრი და საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო ფართო თვალებით აკვირდება ყველაფერს". – თქვა ნონიაშვილმა.

ოთხი ამერიკელი სენატორი – ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით გამოეხმაურა. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინონ დამოუკიდებელი მედიკოსთა ჯგუფის რჩევები და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები