მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი პატიმრობა უკანონოა, ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ" – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობისა და განთავსებისთანავე შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებს შემდეგ მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი წერს, რომ ახლა მოშვების დრო არ არის და ის კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. მიმართვას სრულად გთავაზობთ:

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო და თანამებრძოლებო, მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ამავე დროს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მოგადგათ მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებით. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს. დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში ყველაზე განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის. უზარმაზარი მადლობა მთელ საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი კვალიფიკაცია გამოიჩინეს.

მადლობა ჩემი ოჯახი წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის და ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის. განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს, ასევე უკრაინელ სახალხო დამცველს, განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მადლობა ყველა კონსილიუმის ყველა წევრს, მადლობა ყველას, ყველას ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს. პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას – დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

მე დავთანხმდი, ჩემ მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ, წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ, ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით. როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში. ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა, არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას. არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ, მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანას დასთანხმდა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები