მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენი/ექსპერტთა ჯგუფი: დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი პოლიპროფილურ კლინიკაში

Georgian Journal

საქართველოს სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის პოლიპროფილურ კლინიკაში.

"სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროგნოზირებად ერთ-ერთ კლინიკურ დამძიმებას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი. გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც კრიტიკული და მძიმე გართულებების პროგნოზი გააკეთა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა". – ნათქვამია განცხადებაში.

ექსპერტთა ჯგუფისა და სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ პერიოდში თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა, მრ ვენოგრაფის ჩათვლით. რეკომენდებულია ასევე ეეგ კვლევა. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს.

"მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს". – ნათქვამია განცხადებაში.

18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა". 

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტვინის დიაგნოსტირებას ვერ უკეთებენ, რადგან გლდანის N18 დაწესებულებაში შესაბამისი აპარატი არ აქვთ. 

ხელისუფლებას კვლავ არ გამოუხატავს ნება, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 50-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები