მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჰარცელი: ბოლო 24 საათი შეხსენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ფოკუსირება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მუშაობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ზედამხვედველობის საკითხში და ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება და რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი ზომების მიღება.

"მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობისა და მისი უფლებების დაცვის თაობაზე. ეს ასევე ეხება საზოგადოებისთვის ობიექტური სამედიცინო რჩევების საჭიროებას, რათა მოხდეს სწორად შეფასება სიტუაციის და ყურადღება მიექცეს არსებული რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირებას, რაც არის ევროკავშირის ინტერესის საგანი. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ვფიქრობ საჭიროა ფიქრი ამ ჩიხიდან გამოსვლაზე და საუბარი შესაბამისი ზომების მიღებაზე ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით". – თქვა ჰარცელმა
 

გუშინ, 18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა". 

პენიტენციური დაწესებულების რეანიმატოლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, თუმცა ტოვებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას მონიტორინგი სჭირდება. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტვინის დიაგნოსტირებას ვერ უკეთებენ, რადგან გლდანის N18 დაწესებულებაში შესაბამისი აპარატი არ აქვთ. 

ხელისუფლებას კვლავ არ გამოუხატავს ნება, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 50-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები