მიხეილ სააკაშვილი

გვარამია სააკაშვილზე: კარგად არის, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილის ამჟამად კარგად არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სააკაშვილი ახლა კარგად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ექიმებმა იყოჩაღეს", – თქვა გვარამიამ ჟურნალისტებთან.

"დღეს დილიდანაც, როგორც ვიცი, ცუდად იყო", – დაამატა გვარამიამ.

"ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში. ყველა ექიმი ადგილზეა. აკეთებენ შესაძლებლობის მაქსიმუმს", – ამბობს ნიკა გვარამია.

აქამდე, სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ  ექსპრეზიდენტი ცუდად გახდა და "მოსხლეტით წაიქცა". 

"მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს. თვალებს ვუხსნიდი. გადააწვინეს საკაცეზე, ამ წუთას არ ვიცი რა ხდება. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო მიშა როცა ვხვდებოდით. 10 წუთია რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს. არ ვიცი სად აიყვანეს. არ ვიცი". - თქვა ბექა ბასილაიამ. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 49-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს

კომენტარები