აშშ-თურქეთი

თურქეთი: თუ აშშ F-16-ების მოყიდვაზე უარს გვეტყვის, ალტერნატივაზე ფიქრი მოგვიწევს

თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ები

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის თქმით, თუ აშშ თურქეთს უარს ეტყვის F-16-ებზე შეთანხმების გაფორმებაზე, მაშინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ალტერნატივის გამონახვა მოუწევთ. 

ამჟამად თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-შია და აწარმოებენ მოლაპარაკებებს 40 ახალი F-16-ისა და უკვე არსებული ამავე ტიპის თვითმფრინავების განახლების 80 ცალი განახლების პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით. 

თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, თუკი აშშ შეთანხმებაზე უარს იტყვის, ანკარა მზადაა განიხილოს რუსული Су-35 და Су-57-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების შეძენა.

რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის საკითხთან დაკავშირებით. 

"ჩვენს მფლობელობაში მყოფი F-16-ების მოდერნიზაციის, ან ახალი F-16-ების შეძენის საკითხები [ბაიდენთან შეხვედრის დროს] წინა პლანზე წამოიჭრა. ჩვენი თავდაცვის მინისტრები პროცესს მიჰყვებიან", – უთხრა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს. 

ჯო ბაიდენის პოზიტიური განწყობის გარდა, მნიშვნელოვანია შეთანხმებას მხარი დაუჭიროს აშშ-ს კონგრესმაც, რომლის ნაწილი ამ გეგმის წინააღმდეგია.

წინა წლებში ანკარა აშშ-სგან 100 ცალი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ რუსული S-400-ების სისტემა შეიძინეს, ვაშინგტონმა თურქეთი F-35-ების პროექტიდან ამოიღო. ამჟამად თურქეთი F-35-ის პროგრამისთვის გადახდილი $1.4 მილიარდის სანაცვლოდ აშშ-სგან F-16-ებს ითხოვს.

კომენტარები