აშშ-თურქეთი

კონგრესმენები აშშ-ს მიერ თურქეთისთვის 40 F-16-ის მიყიდვის შესაძლებლობას აპროტესტებენ

თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ები

დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი აპროტესტებს აშშ-ს მიერ თურქეთისთვის 40 ცალი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის შესაძლებლობას. მათ სჯერათ, რომ კონგრესი მსგავს გადაწყვეტილებას დაბლოკავს. 

აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის თერთმენტმა წევრმა. მათი თქმით, თურქეთისთვის 40 ახალი F-16-სა და მათ საჰაერო ძალებში უკვე მყოფი F-16-ებისთვის 80 ცალი განახლების პაკეტის გადაცემის შესაძლებლობა "ღრმა შეშფოთების გრძნობის" გამომწვევია. 

გამოცემა Reuters-ის ცნობით წერილი 25 ოქტომბრით თარიღდება. 

"პრეზიდენტი ერდოღანის განცხადების გამო, რომ თურქეთი აპირებს დამატებით შეიძინოს რუსული S-400-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა, ვერ დავუშვებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას აშშ-ში წარმოებული ავიახომალდის მიყიდვით [ჩრდილოატლანტიკური] შეთანხმების იმ წევრისთვის, რომელიც მოწინააღმდეგესავით იქცევა", – წერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები წერილში. 

"ჩვენ გვჯერა, რომ თუ ეს გეგმა ამოქმედდება, კონგრესი ნებისმიერი მსგავსი ექსპორტის დასაბლოკად ერთად დადგება. შეერთებულმა შტატებმა ასეთ დროს თურქეთის მთავრობისთვის არანაირი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა არ უნდა დაუშვას", – ამატებენ წარმომადგენელთა პალატის წევრები. 

წერილს დემოკრატების მხრიდან ხელმძღვანელობდა კაროლინ მალონი, რესპუბლიკელების მხრიდან კი – ნიკოლ მალიოტაკისი.

8 ოქტომბერს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთმა აშშ-ს 40 ცალი F-16-ის და ამავე ტიპის ავიაგამანადგურებლების გაუმჯობესებისთვის საჭირო 80 პაკეტის შეძენა სთხოვა. 

წინა წლებში ანკარა აშშ-სგან 100 ცალი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ რუსული S-400-ების სისტემა შეიძინეს, ვაშინგტონმა თურქეთი F-35-ების პროექტიდან ამოიღო.

კომენტარები