აშშ-თურქეთი

ერდოღანი: F-16-ების მოყიდვასთან დაკავშირებით ბაიდენს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა

თურქეთის საჰაერო ძალების F-16

კვირას, 31 დეკემბერს, იტალიაში, რომში გამართული დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის საკითხთან დაკავშირებით. 

"ჩვენს მფლობელობაში მყოფი F-16-ების მოდერნიზაციის, ან ახალი F-16-ების შეძენის საკითხები [ბაიდენთან შეხვედრის დროს] წინა პლანზე წამოიჭრა. ჩვენი თავდაცვის მინისტრები პროცესს მიჰყვებიან", – უთხრა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს. 

აქამდე, დიდი ოცეულის ღონისძიების ფარგლებში, ჯო ბაიდენსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვედრაც ჰქონდათ გამართული, რაც ერთი საათი გაგრძელდა. საუბარი შეეხო სირიაში მოქმედ ქურთულ დაჯგუფებებს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ, თურქეთი კი მათ ტერორიზმში დებს ბრალს. ერდოღანის თქმით, ის ფიქრობს, რომ აშშ აღარ გააგრძელებს ასეთი ჯგუფების მხარდაჭერას. 

აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ერთობლივი მექანიზმის ჩამოყალიბებაზე.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი კონგრესმენი აშშ-ს მიერ თურქეთისთვის 40 ცალი F-16-ის მიყიდვის შესაძლებლობას აპროტესტებდა.

აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის თერთმენტმა წევრმა. მათი თქმით, თურქეთისთვის 40 ახალი F-16-სა და მათ საჰაერო ძალებში უკვე მყოფი F-16-ებისთვის 80 ცალი განახლების პაკეტის გადაცემის შესაძლებლობა "ღრმა შეშფოთების გრძნობის" გამომწვევია. 

"პრეზიდენტი ერდოღანის განცხადების გამო, რომ თურქეთი აპირებს დამატებით შეიძინოს რუსული S-400-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა, ვერ დავუშვებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას აშშ-ში წარმოებული ავიახომალდის მიყიდვით [ჩრდილოატლანტიკური] შეთანხმების იმ წევრისთვის, რომელიც მოწინააღმდეგესავით იქცევა", – წერდნენ წარმომადგენელთა პალატის წევრები წერილში. 

"ჩვენ გვჯერა, რომ თუ ეს გეგმა ამოქმედდება, კონგრესი ნებისმიერი მსგავსი ექსპორტის დასაბლოკად ერთად დადგება. შეერთებულმა შტატებმა ასეთ დროს თურქეთის მთავრობისთვის არანაირი თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა არ უნდა დაუშვას", – ამატებდნენ წარმომადგენელთა პალატის წევრები. 

წინა წლებში ანკარა აშშ-სგან 100 ცალი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ რუსული S-400-ების სისტემა შეიძინეს, ვაშინგტონმა თურქეთი F-35-ების პროექტიდან ამოიღო.

კომენტარები