მიხეილ სააკაშვილი

ფოთის საკრებულოში ენმ-ს ოთხმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ფოთის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხმა დეპუტატმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. 

"აქციას უერთდება ოთხი ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატი. საქართველოში ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხალხი დასტრესილი დადის ამ ე.წ. ხელისუფლების სიკვდილის ქრონიკაში მონაწილეობის მიღება არავის არ უნდა. 

[..] უნდა დავიცვათ ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი. ყველა ძალა უნდა მოვიკრიბოთ ამისთვის. შიმშილობას არ შეწყვეტენ ესენი მანამ, სანამ გადაყვანილი არ იქნება მესამე პრეზიდენტი კლინიკაში, სადაც სათანადო მკურნალობას გაუწევენ". - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია ფორმულასთან ინტერვიუში. 

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობს. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 დეპუტატი. პროტესტის ამ ფორმას მიმართავს პარტიის წევრი, გია ბარამიძეც. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და შიმშილობენ ენმ-ს დეპუტატები ზუგდიდსა და რუსთავში


10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

კომენტარები