მიხეილ სააკაშვილი

ზურაბიშვილი: სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი არ არის, ამიტომაც მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყავან უფრო რთულად განსახორციელებლია "შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე".

"ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იქნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ არა ნაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ". – თქვა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ევალება, რომ N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების აღჭურვისა შესახებ საზოგადოებას აცნობოს, შეუსაბამობის შემთხვევაში კი ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი მოიძებნოს. 

"ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს, რა საჭიროებების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები, ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას. ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს, ნუსხა არის საჭირო, და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას". – თქვა ზურაბიშვილმა.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები