დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

შვედეთი მზადაა უკრაინაში სამხედროები სასწავლო მისიის ფარგლებში გაგზავნოს

შვედი სამხედროები
Copyright Saab AB

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პიტერ ჰულტკვისტი უშვებს შვედეთის ჯარების, ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში, უკრაინაში გაგზავნას და ამბობს, რომ ამისთვის მზად არიან. ამის შესეხებ მან 16 ნოემბერს, შვედეთის ერთ-ერთ რადიოსთან ისაუბრა. 

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მისიის მნიშვნელობას უკრაინის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის. 

შვედური რადიოს ინფორმაციით, უკრაინაში მსგავსი მისიის გაგზავნას ბალტიის ქვეყნები ითხოვენ.

ჰულტკვისტის თვლის, რომ შვედეთმა ამ მისიის იდეას მხარი უნდა დაუჭიროს. მან ასევე დაამატა, რომ ახლა მთელი ყურადღება გადატანილია პოლონეთზე, სადაც ბელარუსი მიგრანტების გამოყენებით ხელოვნურ სასაზღვრო კრიზისს ქმნის. შვედეთის თავდაცვის მინისტრის აზრით, ამან მოვლენების გამო უკრაინას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა და საჭიროა კიევისთვის "ძალიან ცხადი სოლიდარობის" გამოხატვა. 

გასულ თვეში გერმანულმა გამოცემამ, Welt am Sonntag-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა უკრაინაში ევროკავშირის სპეციალური სასწავლო სამხედრო მისია შექმნილიყო. გერმანული გამოცემა ევროპული საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ცნობებს ეყრდნობოდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიევსა და მოსკოვს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობის გამო, ევროკავშირი განიხილავს დამოუკიდებელი სამხედრო სასწავლო მისიის შექმნას, სახელით – ევროკავშირის საკონსულტაციო და საწვრთნელი მისია უკრაინაში (EUATM).

EEAS-ის დოკუმენტების მიხედვით, დამოუკიდებელი სამხედრო მისიის შექმნა იქნება უკრაინის მიმართ თანადგომის გამოხატვა, როდესაც რუსეთის მიერ გრძელდება სამხედრო ქმედებები უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო მისიის შექმნის მთავარი ინიციატორები არიან ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ასევე, ამ ქვეყნების პოზიციას მხარს უჭერენ შვედეთი და ფინეთიც. 

EEAS-ის მასალებში ნათქვამია, რომ ივლისის ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ლიდერებმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საიდუმლო შეტყობინებით მიმართეს, მსგავსი მისიის შექმნასთან დაკავშირებით. 


11 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. საკითხში გარკვეული ანონიმური წყაროების ცნობით, გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს. მათი შეფასება ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ამერიკელებს ევროპელებისთვის ჯერ არ გაუზიარებიათ, მაგრამ ეს მოუწევთ, იქამდე, სანამ რუსეთის საპირისპიროდ ერთობლივი მოქმედების გეგმას გადაწყვეტენ. მათ ვარაუდებს ზურგს უმაგრებს საჯაროდ არსებული ინფორმაციაც - ამბობენ ანონიმური წყაროები ამერიკიდან.

ასეთივე კრიზისი იყო ამ წლის გაზაფხულზეც, როდესაც NATO და აშშ შეშფოთებული იყვნენ უკრაინის საზღვრებთან ასიათასობით რუსი სამხედროს, მათი მძიმე ტექნიკისა და ავიაგამანადგურებლების თავმოყრით. კრიზისი მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სამიტის გამართვა შესთავაზა. სამიტი ივნისში ჩატარდა. 

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრის გამო, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

ასევე, 9 ნოემბერს პუტინს ესაუბრა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, მოკავშირე ბელარუსზე გავლენა გამოეყენებინა და ევროკავშირის საზღვრებთან შექმნილი კრიზისი განემუხტა, რაზეც უარი მიიღო. მათ შორის საუბარი შედგა 10 ნოემბერსაც. ამჯერად პუტინმა დაგმო უკრაინის მიერ საბრძოლო დრონების გამოყენება, რასაც ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად თვლის. მან ასევე დაგმო აშშ-ს გემების აქტიურობა შავ ზღვაში.

პარალელურად შიშებს ზრდის პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრანტების კრიზისი, რაშიც დასავლეთში პუტინის ხელს ხედავენ. ასევე, ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები რუსულ ბუნებრივ აირზე მეტად დამოკიდებულები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. აშშ-ს ოფიციალური პირების აზრით, რუსეთი რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ის უკეთ გაეცნო ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას, აქამდე არსებული ინფორმაციისა და ახალ ფაქტებზე დაყრდნობით ბელარუსს "პოტენციური ფრონტის ხაზი" უწოდა. 

ამავე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ენტონი ბლინკენმაც: "ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაუშვას სერიოზული შეცდომა 2014 წლის მოვლენების განმეორების მცდელობით". 


ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია. 

პარალელურად, დონბასში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც უკვე შვიდნახევარი წელი გრძელდება, ბოლო პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა. 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცა, რომ მათ სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2.

შემთხვევას რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. კრემლის სპიკერმა, ვლადიმირ პესკოვმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თურქული დრონების განთავსებამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ასევე, ურთიერთობა რუსეთსა და NATO-ს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. 18 ოქტომბერს მოსკოვმა საკუთარი დიპლომატიური მისია ბრიუსელში შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რვა რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა.

კომენტარები